1,181 ნახვა

ესტონეთის რეგიონების ელ-ჩართულობა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა: გასათვალისწინებელი პრინციპები

ავტორი: ერიკ ჯექსონი, სტაჟიორი ამერიკული საბჭოების უცხოური პროფესიული და კულტურათაშორისი სწავლების პროგრამის ფარგლებში

 

ესტონეთი პოსტსაბჭოთა ბალტიური ქვეყანაა 1.3 მილიონიანი მოსახლეობით, რომელსაც აღმოსავლეთით რუსეთი ესაზღვრება. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ესტონეთმა ელ-მმართველობის მრავალმხრივი პოლიტიკა გაატარა, რამაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სოფლის მოსახლეობის 70%-ითვის უზრუნველყო (Statistics Estonia, 2012). 2012 წელს გაეროს საჯარო ადმინისტრაციის პროგრამაში ესტონეთმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი, ხოლო მთლიანობაში მე-20 ადგილი დაიკავა ელ-მმართველობის საშუალებების განვითარების კუთხით. ონლაინ ელ-მმართველობის სერვისებმა ესტონური საზოგადოების ყველა ასპექტი გააერთიანა: ექიმებს დაუყოვნებლივ შეუძლიათ იხილონ ონლაინ სამედიცინო საბუთები; მოქალაქეებს ელექტრონულად შეუძლიათ არჩევნებში ხმის მიცემა; მეწარმეებს ოც წუთში შეუძლიათ ბიზნესის დარეგისტრირება, და იმის გათვალისწინებით, რომ ესტონელების 90%-ს გააჩნია ელ-იდენტიფიცირების ბარათები, სამთავრობო სერვისები მოქალაქეების უმრავლესობამდე აღწევს. ეს მაგალითები აჩვენებს, რომ მცირე პოსტსაბჭოთა ქვეყანას შეუძლია ელ-მმართველობის სერვისების მიწოდება სოფლის მოსახლეობისათვის, რომელიც მოსახლეობის მესამედით დასახლებულ დედაქალაქ ტალინის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.

საქართველო მსგავს ონლაინ პოსტსაბჭოთა ტრანზიციას გადის. საქართველოს 4.48 მილიონიანი მოსახლეობა მთიან ტერიტორიაზე არის განფენილი, და მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დედაქალაქში, თბილისში ცხოვრობს. გაეროს საჯარო ადმინისტრირების პროგრამაში 2012 წელს საქართველომ 72-ე ადგილი დაიკავა, რაც წინა წელთან შედარებით 28 ნიშნულით გაუმჯობესებული შედეგია. 2012 წლიდან, იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ ელ-მმართველობის სერვისების ცენტრალიზებით, საქართველოს ელ-მმართველობის პოლიტიკა მნიშვნელოვნად განვითარდა. ელ-მმართველობის გაუმჯობესებული სერვისების სხვა მაგალითებია საჯარო სამსახურის ბიუროს თანამდებობის პირთა დეკლარაციების გვერდი, რამაც 2009 წლის შემდეგ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები ოთხჯერ შეამცირა, ხოლო 2013 წელს გაეროს საჯარო სამსახურის კონკურსში (UNPSA) გაიმარჯვა. ბიურომ ასევე შექმნა სამსახურის მოძიების ონლაინ პლატფორმა, რამაც საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთათვის ვაკანსიის მოძებნა გაცილებით უფრო გააადვილა. 2012 წელს საქართველოს ელექტრონული შესყიდვების სისტემამ გაიმარჯვა გაეროს საჯარო სამსახურის კონკურსში (UNPSA) საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლასა და აღმოფხვრაში, ხოლო იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლმა – საჯარო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებაში. ელ-ჩართულობის თვალსაზრისით, ფინანსთა სამინისტრომ შექმნა ონლაინ გამოკითხვა, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ ათ-ქულიანი შკალის საშუალებით უპირატესობა მიანიჭონ ბიუჯეტის განაწილებას. მართალია, ყველა ეს ონლაინ გაუმჯობესება ნამდვილად მისასალმებელია, მნიშვნელოვანია რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ქონდეს უკეთესი ხელმისაწვდომობა გაუმჯობესებულ სამთავრობო სერვისებზე. ამიტომაც, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ესტონეთის მაგალითი, რომელმაც ფინანსური პრიორიტეტი მიანიჭა სოფლად ინტერნეტის ხელმისაწვდომობას, როგორც ეკონომიკური განვითარებისა და ინკლუზიური სასოფლო ელ-ჩართულობის ამოსავალ წერტილს.

ორივე ქვეყანა უმკლავდება იმ გამოწვევებს, რაც მოყვა საბჭოური მენტალიტეტისგან განთავისუფლებასა და ონლაინ პლატფორმების ნულიდან შექმნას, რაც მათ განასხვავებს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისგან, რომლებმაც ჯერ კიდევ ახალი ათასწლეულის დადგომამდე შექმნეს IT ინფრასტრუქტურა. ესტონელებს ნებისმიერ სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაზე უკეთ ესმით, რომ სოფლის მოსახლეობის ინკლუზიური ელ-ჩართულობა მხოლოდ გაზრდის ელ-კომერციის, ელ-დემოკრატიისა და მოქალაქეების მიერ სამთავრობო პროგრამისადმი ხელმისაწვდომობას, რისი საშუალებაც მათ სხვაგვარად არ ექნებოდათ. 2015 წლამდე ესტონეთის ხელისუფლება აპირებს ყველა ოჯახის დაკავშირებას ინტერნეტთან. პროექტი, სახელად EstWin 6,000 კმ-ზე მეტი სიგრძის ოპტიკურ-ბიჭკოვან კაბელს გაიყვანს 1,400 დამაკავშირებელ წერტილებს შორის. პროექტის ღირებულებაა €95.8 მილიონი, საიდანაც ესტონეთის მთავრობა იხდის სამ მეოთხედს, ხოლო დარჩენილ მეოთხედს ფარავს ევროპის რეგიონული განვითარების ფონდი (ERDF). შესაძლოა, ესტონელები არ არიან ფინანსური თვალსაზრისით იდეალურები, მაგრამ მათ შექმნეს იმის საბიუჯეტო პრეცედენტი, რომ საჭირო თანხები გამოიყოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ITC კულტურა და ინფრასტრუქტურა უკვე კარგად განვითარებულია ესტონეთში. 2012 წლისათვის ესტონეთის მოსახლეობის 78% იყენებდა ინტერნეტს (Internet World Stats, 2012). შედარებისთვის, საქართველოს მოსახლეობის ინტერნეტ-მომხმარებელთა პროცენტული რაოდენობა 28.4-ს შეადგენდა (Internet World Stats, 2012). მხოლოდ თბილისში სადენიანი ინტერნეტის 251,788 მომხმარებელია რეგისტრირებული, რაც საქართველოს მთელი სადენიანი ინტერნეტის მომხმარებლების 64%-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქალაქეების 2 მილიონზე მეტი ითვლება სოფლის მოსახლეობად (GeoStat, 2013), თბილისის ფარგლებს გარეთ, სოფლის მოსახლეობისათვის ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საჭიროება მნიშვნელოვანია ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისათვის, რასაც ესტონეთი ბოლომდე აცნობიერებს.

როგორც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის გამოკითხვის შედეგებით ირკვევა, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა არ გააჩნია. ნათელია, რომ ეს ზღუდავს ელ-ჩართულობის შესაძლებლობას ქართველებისთვის, განსაკუთრებით სოფლად, სადაც არ არსებობს ინტერნეტთან ხელმისაწვდომობის არავითარი ფორმა. მაგალითისთვის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ოფიციალური მონაცემებით მცხოვრები 109,700 მოსახლიდან მხოლოდ 1,702 არის სადენიანი ინტერნეტის მომხმარებელი. მსგავსი განსხვავება გვხვდება გურიაში, სადაც 140,000 მოსახლიდან მხოლოდ 2,075 ადამიანია სადენიანი ინტერნეტის მომხმარებელია. სხვა ქალაქებშიც კი, მაგალითად რუსთავში, სადაც 122,000 ადამიანი ცხოვრობს, სადენიანი ინტერნეტის მომხმარებელი მხოლოდ 23,446 მათგანია. ესტონეთის ტოპოგრაფია საქართველოსთან შედარებით უფრო აადვილებს სოფლად ინტერნეტ-კავშირგაბმულობის გაყვანას, მაგრამ საქართველოს სოფლებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით გაზრდილი ფინანსური ინვესტიციის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ სოფლის მოსახლეობის ელ-ჩართულობის ხარისხის გაიზრდება. სულ მცირე, სოფლის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმაში შეთავაზებული  სოფლის განვითარების ცენტრების უწყვეტი დაფინანსების პირობებში, ჩაერთოს ელ-მმართველობის სერვისებში. სწორედ აქ არის შესაძლებლობა, რომ შეიქმნას მრავალი უფასო ინტერნეტ-ცენტრი, საიდანაც სოფლის მოსახლეობას შეეძლება ელ-მმართველობის სერვისებით სარგებლობა. ეს ცენტრები ხელმისაწვდომს გახდის დიდი რაოდენობით სამთავრობო სერვისს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელსაც შეაქვს საბუთები პასპორტებზე, პირადობის ბარათებზე, სურს მიწის საკუთრების დამტკიცება, გადასახადების გადახდა, საშემოსავლო გადასახადის გადახდა და სხვ. სოფლის მოქალაქეებისათვის ინტერნეტ-ცენტრების შექმნით არა მხოლოდ აღმოიფხვრება საჭირო საბუთებთან დაკავშირებული ბიუროკრატიზმი, არამედ მრავალმხრივ გაუმჯობესდება ქართული საზოგადოების ელ-ჩართულობის ხარისხი. სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ იუსტიციის სამინისტრომ მომავალშიც განაგრძოს საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა სოფლის განვითარების ცენტრებისათვის.

მოკლე-ვადიანი მიზნის თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაზარდოს ძალისხმევა სადენიანი ინტერნეტ მომხმარებლების გასაზრდელად თბილისის გარდა სხვა ქალაქებში, როგორიცაა რუსთავი. გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა არსებობდეს საბიუჯეტო პრიორიტეტი სოფლად მცხოვრები მოსახლებისათვის ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, რაც გაზრდის მათ ელ-ჩართულობას. სოფლის განვითარების ცენტრების ინოვაციური ქართული იდეის განხორციელებისთვის უნდა გამოიყოს საბიუჯეტო რესურსები. ცენტრებთან ერთად, მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა აისახოს სოფლის ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარება შემაერთებელი წერტილებისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების საშუალებით. როგორც ეს ესტონეთის ხელისუფლებამ გააცნობიერა, კერძო სექტორთან ერთად მუშაობას შეუძლია შეამციროს სოფლის ტერიტორიაზე ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ტექნიკური საკითების მოგვარების მძიმე ტვირთი. როდესაც იარსებებს სოფლად ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდის საბიუჯეტო პრიორიტეტი, საქართველო ნახავს ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობის სარგებელს, რაც თბილისის ფარგლებს გასცდება.

წყაროები:

Original Post : IDFI

http://www.stat.ee/statistics

http://unpan3.un.org/egovkb/datacenter/CountryView.aspx

http://www.internetworldstats.com/stats3.htm

http://geostat.ge/index.php?action=page&p_id=152&lang=eng

http://www.opendata.ge/en#!lang/en/cat/news/topic/852

http://unpan1.un.org/intradoc/groups/public/documents/un-dpadm/unpan049650.png

http://workspace.unpan.org/sites/Internet/Documents/2013%20UNPSA%20Winners%20Category%201.pdf

internetgeo1internetgeo2internetgeo3