2,043 ნახვა

კავშირი ოფშორული სამოთხიდან – ”ინტერნეტ პროვაიდერები”

business

 

” კავშირი ოფშორული სამოთხიდან” –  ”ინტრნეტ პროვაიდერების  მფლობელები ”

 

კავკასუს ონლაინი

„კავკასუს ონლაინს“ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ფიქტიური კომპანია International Online Networks Limited ფლობს. ამ უკანასკნელის აქციების 50% ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კიდევ ერთი კომპანია Nelgado Limited-ს ეკუთვნის, რომლის ბენეფიციარი მფლობელების ვინაობაც უცნობია; ¹  აქციების 19.994%-ს კუნძულ ჯერზიზე რეგისტრირებული ბრიტანული საინვესტიციო ფონდი Growth Master Holdings ფლობს; ² დანარჩენი 30.006% კი „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელს, მამია სანადირაძეს ეკუთვნის.
2012 წლის ოქტომბერში, მთავრობის ცვლილების შემდეგ, სანადირაძემ განაცხადა, რომ 2010 წლის მარტში მას კომპანიის 50%-ის GMC ჯგუფისათვის მიყიდვა აიძულეს. ამ მოვლენამდე ნახევარი წლით ადრე, „კავკასუს ონლაინს“ მთავრობასთან ბევრი პრობლემა ჰქონდა. მთავრობამ კომპანიას სხვადასხვა დარღვევების გამო, რამდენიმე ეტაპად 11.6 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. სანადირაძის თქმით, ამან კომპანია გაკოტრების პირას მიიყვანა. ³
„კავკასუს ონლაინი“ რამდენიმე საინფორმაციო ვებსაიტს აკონტროლებდა, მათ შორის presa.ge-ს, Internet.ge-ს და ონლაინ ტელევიზიას ITV-ს. 2010 წელს „კავკასუს ონლაინის“ მფლობელობის შეცვლის შემდეგ,ეს საიტები droni.ge-ს დაუკავშირდა და იმდროინდელი მთავრობის მხარდამჭერად იქცა.⁴
„კავკასუს ონლაინი“ 2007 წელს რამდენიმე შედარებით მცირე ინტერნეტ პროვაიდერის, „სანეტის,“ „ჯორჯია ონლაინის“ და „კავკასუს ტელეკომის“ შერწყმის შედეგად შეიქმნა.⁵  იმ დროს „კავკასუს ონლაინის“ საბაზრო წილი 90%-ს შეადგენდა და სანადირაძე კომპანიის ლონდონის საფონდო ბირჟაზე 100 მილიონ დოლარად კვოტირებაზე საუბრობდა.⁶
2008 წელს „კავკასუს ონლაინმა“ და ქვეყნის უმსხვილესმა სატელეფონო კომპანიამ „საქართველოს გაერთიანებულმა ტელეკომმა“ ხელჩართული ბრძოლა გააჩაღეს. „კავკასუს ონლაინმა“ კორპუსების დამაკავშირებელი საკაბელო ქსელი დაამონტაჟა. ამ ინფრასტრუქტურაზე შეწუხებული მოქალაქეების სახელით ადამიანთა გაურკვეველმა ჯგუფმა იჩივლა, რის შემდეგაც თბილისის მერიამ კაბელების დამონტაჟება უკანონოდ ცნო. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 224-კილომეტრიანი მავთულების ჩაჭრა დაიწყეს.⁷

იყო საბოტაჟის სხვა შემთხვევებიც. ვანდალებმა კორპუსების შიგნით დამონტაჟებული ინფრასტრუქტურა დააზიანეს, ჩაჭრეს კომპანიის კაბელები, რის შემდეგაც კონკურენტი კომპანიები გათიშულ აბონენტებს დაუკავშირდნენ და საკუთარი მომსახურება შესთავაზეს.

 

სილქნეტი
„სილქნეტი“ 2010 წლის მარტში „ვანექსის,“ „აჭარის ტელეკომის“ და „გაერთიანებული ტელეკომის“ შერწყმის შედეგად შეიქმნა. ეს უკანასკნელი ყოფილი სახელმწიფო კომპანიაა და დიდი რაოდენობით სპილენძის სატელეკომუნიკაციო მავთულებს ფლობს. იმ დროისათვის, ამ სამ კომპანიას ქართულ–ყაზახური კონსორციუმი ფლობდა. ⁸ საცალო და საბითუმო სატელეკომუნიკაციო მომსახურებასთან ერთად, „სილქნეტი“ მომხმარებელს IP-TV მომსახურებასაც სთავაზობს. 2012 წელს მან ჟურნალ National Geographic–ის ქართული ვერსიის გამოშვება დაიწყო.
„სილქნეტი“ სააქციო საზოგადობის ფორმითაა რეგისტრირებული. ამ იურიდიულ ფორმას საჯარო რეესტრში აქციონერების ვინაობის საჯარო გამოქვეყნება არ მოეთხოვება. ⁹ კომპანიის წარმომადგენლებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აცნობეს, რომ „სილქნეტს“ მალტაზე რეგისტრირებული კომპანია Rhinestream Holding Limited ფლობს, რომელიც ფიქტიური კომპანია აღმოჩნდა.¹º წინამდებარე ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ „სილქნეტის“ წარმომადგენლებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განუცხადეს, რომ „სილქნეტის“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ ბენეფიციარი მფლობელები შემდეგი პირები არიან: გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია და დავიდ ბორდერი.
„სილქ როუდ ჯგუფს“ თბილისისა და ბათუმის „რედისონის“ სასტუმროები ეკუთვნის და დონალდ ტრამპის ბრენდის ქვეშ დაგეგმილ პროექტებსაც ეს კომპანია ახორციელებს. იგი ასევე BTA ბანკის აქციების 50.99%-ის მფლობელია.¹¹ „სილქ როუდ ჯგუფის“ სამი მფლობელის კუთვნილებაშია ასევე საწვავით მოვაჭრე კომპანია „ვისოლის“ და მისი შვილობილი კომპანიების 25%, მათ შორის სარეკლამო კომპანია „ველაჯიო“, სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“, რაგბის გუნდი „ყოჩები“ და საფეხბურთო კლუბი „ტორპედო ქუთაისი“.¹²

ახალი ქსელები
ახალი ქსელები ტელეფონის და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერია და თბილისში, ქუთაისში, გორში, ფოთში, ზესტაფონში, ზუგდიდში, თერჯოლაში, კასპსა და ქსანში მუშაობს. კომპანიის უმსხვილესი აქციონერი ბელიზში რეგისტრირებული ფიქტიური კომპანია Alpha System Transit Corp-ია (46.2%), რომელსაც, თავის მხრივ, პანამური ფიქტიური კომპანია Cascado AG აკონტროლებს.¹³
Cascado AG-ს ბევრი სკანდალი უკავშირდება, მათ შორის უკრაინის სახელმწიფო შესყიდვების და საექსპორტო გარიგებების კორუფცია, იმპორტ-ექსპორტის ინვოისებთან დაკავშირებული თაღლითობა რუსეთში და დსთ-ის სხვა ქვეყნებში.¹⁴ ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის ანგარიშგების ცენტრის თანახმად, Cascado AG ასევე სავაჭრო გემის MV Faina-ის საქმეში იყო გარეული. 2008 წელს ოდესიდან მომავალი ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი გემი სომალელმა მეკობრეებმა ჩაიგდეს ხელთ. აღნიშნული გემის ბორტზე, რომელიც სავარაუდოდ სამხრეთ სუდანში მიდიოდა, ¹⁵ საბჭოთა წარმოების T-72 ტანკი, გრანატები და სხვა იარაღი აღოაჩინეს. იმ დროისთვის ევროკავშირს სამხრეთ სუდანში იარიღის შეტანაზე ემბარგო ჰქონდა დაწესებული.¹⁶
2007 წელს Alpha System-მა ფრიდონ ინჯიასგან „ახალი ქსელების“ აქციები შეისყიდა. საქართველოს საჯარო რეესტრის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ფრიდონ ინჯია იმ დროისთვის Alpha System-ის წარმომადგენელიც იყო, და ამიტომ, შესაძლოა, აქციები თავის თავს მიჰყიდა. 90-იანი წლების ბოლოს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს, ინჯიას კავშირგაბმულობის მინისტრის პოსტი ეკავა, შემდეგ კი, 2000 წელს, იგი ლეიბორისტული პარტიის სიით პარლამენტის წევრი გახდა.¹⁷ 2001 წელს პროკურატურამ მას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში 14 მილიონი დოლარის გაფლანგვაში დასდო ბრალი, მაგრამ პარლამენტმა ინჯიას იმუნიტეტი არ მოუხსნა და საქმე დაიხურა.¹⁸

შედარებით მცირე ოპერატორები

შპს „საქართველოს ცენტრალური კომუნიკაციების კორპორაცია“ რუსთავში DSL კავშირს და სხვა მომსახურებას უზრუნველყოფს. კორპორაცია ქართულ კომპანია „სისტემ ნეტს“ (49%), Hellascom International-ს (25%, კომპნია ბერძნული ტელეკომ-ოპერატორის OTE-ის შვილობილია. OTE ნაწილობრივ საბერძნეთის მთავრობას და „Deutche Telecom“-ს ეკუთვნის და ლონდონის საფონდო ბირჟაზეა კვოტირებული), LLC Monemvasia Shipping and Trading-ს (13%, ეს კომპანია დასავლეთ აფრიკაში, ლიბერიაშია რეგისტრირებული, მისი წარმომადგენელი ბერძენი დირექტორია) და ბერძნულ სამშენებლო-საინჟინრო კომპანიას Co SA (GENER)-ს (13%) ეკუთვნის.¹⁹
სააქციო საზოგადოება „გლობალ ერთი“ თბილისში მდებარე სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. კომპანია საჯარო რეესტრში და ვებ-გვერდზე აქციონერების ვინაობას არ უთითებს. ²º კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით, რომელმაც თანხმობა გასცა „გლობალ ერთის“ აქციების გადაცემაზე, Astra Grand კომპანიის აქციების 50.28%-ს ფლობს, დანარჩენი აქციები კი შპს Van East-ის მფლობელობაშია. 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში „გლობალ ერთმა“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას Astra Grand-ის მიერ Oplykenon Technologies-ის აქციების შესყიდვის თაობაზე თხოვნით მიმართა. კომისიას ამ კომპანიების, მათი რეგისტრაციის  ადგილისა და ბენეფიციარი მფლობელების შესახებ მეტი ინფორმაცია არ გაუცია, თუმცა შესაძლებელია, ყველა ეს კომპანია ფიქტიური იყოს. ²¹
„I-Max“ WiMax-ის საშუალებით მომხმარებელს უსადენო ინტერნეტს სთავაზობს. ამ უკანასკნელს შპს „სერვისლაინი“ ამუშავებს. მისი მფლობელები კი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ფიქტიური კომპანია Landerli Limited (70%) და ირაკლი ქავთარაძე (30%) არიან ²²
„მაქსიმალი“ შპს VTEL Georgia-ის ბრენდია, რომელიც მომხმარებელს უსადენო WiMax ტექნოლოგიის გამოყენებით უსადენო ინტერნეტ კავშირს სთავაზობს. კომპანია ექვს ქალაქსა და რამდენიმე სოფელში ოპერირებს. ²³ “მაქსიმალის“ მენეჯერები იორდანელები არიან. კომპანია დუბაის ჰოლდინგ-კომპანიას, შპს VTEL Holdings Limited-ს ეკუთვნის, რომელიც ტელეკომუნიკაციის კომპანიებს ახლო აღმოსავლეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც ფლობს.²⁴
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეადგინა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული ტელეკომ-პროვაიდერების და მათი მფლობელების მონაცემთა ბაზა. მისი ელექტრონული მისამართია: http://goo.gl/AgsVL.

 

წყარო :

”ინტერნეტის თავისუფლება – ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს ? ”  —  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

 

¹- „კავკასუს ონლაინმა“ არ უპასუხა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თხოვნას ბენეფიციარი მფლობელების ვინაობის გამჟღავნების შესახებ.
²- „როიტერი“: „საქართველოს ტელეკომ-ფირმა აქციებს ბრიტანულ ფონდზე ჰყიდის,“ 11 თებერვალი, 2008, ვიზიტი განხორციელდა Factiva-ს მეშვეობით.

³- სააგენტო „სარკე“: „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი: „კომპანიის საკონტროლო პაკეტი ძალადობრივად გასხვისდა , 2012 წლის 24 ოქტომბერი, ვიზიტი განხორციელდა Factiva-ს საშუალებით.
⁴- Media.ge: ონლაინ ჟურნალისტები მთავრობის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ, 20 დეკემბერი, 2010, www.media.ge/en/node/39726 .
⁵- https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get_output_by_id&scandoc_id=430618&app_id=501649 .
⁶-„როიტერი“: ინტერვიუ: „ქართული ინტერნეტ-კომპანია 2008 წელს აქციების ბირჟაზე გაყიდვას 100 მილიონ დოლარად გეგმავს,“ 19 ოქტომბერი, 2007, ვიზიტი განხორციელდა Factiva-ს საშუალებით.
⁷- გაზეთი The Financial: „საქართველოს პროვაიდერები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აღწევენ“ 10 ნოემბერი, 2008. http://insurance.finchannel.com/Main_News/Geo/23849_Georgian_Providers_Reach_Ceasefire_Agreement_/; სააგენტო „სარკე“. „კავკასუს ონლაინის“ პროექტი „ჯელინკი“ „გაერთიანებული ტელეკომის“ მონაწილეობით დაკანონდება;“ 9 ნოემბერი, 2009. ვიზიტი განხორციელდა Factiva-ს საშუალებით.

⁸- სააგენტო „ბლექ სი პრესი“: „გაერთიანებულ ტელეკომს“ „სილქნეტი“ დაერქვა,“ 2010 წლის 12 მარტი, წვდომა განხორციელდა Factiva-ს საშუალებით.
⁹- https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get_output_by_id&scandoc_id=479669&app_id=555643.
¹º- „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კომუნიკაცია „სილქნეტის“ წარმომადგენლებთან, ივლისი, 2012
¹¹ – New York Times: „ტრამპი ხელს აწერს გარიგებას საქართველოში ორი კოშკის მშენებლობის შესახებ,“ 10 მარტი, 2011.

www.nytimes.com/2011/03/11/business/global/11donald.html?_r=0; “სილქ როუდ ჯგუფის” ვებ-გვერდი, http://silkroadgroup.net/other.php?lang=en .

¹²-  “ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია ჯგუფი:“ აუდიტის ანგარიში 2011, გვ. 10, 11, http://wissol.ge/webcms/_files/Wissol%20PG_IFRS_2011.pdf .

¹³– https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=app&m=view_doc&doc_id=44268 ; ამონაწერი პანამის ბიზნეს რეესტრიდან: http://ohuiginn.net/panama/company/id/531729 .
¹⁴- იხ. ასევე: სტეკი, გრეჰემი: „უკრაინის მთავრობის მასიური ფულის გათეთრების სისტემის ზედაპირი,“ 2 ივნისი, 2011, http://www.bne.eu/story2713 .
¹⁵- OCCRP: ლატვიის პროქსები, 15 მარტი, 2010, www.reportingproject.net/proxy/en/the-latvian-proxies
¹⁶- საქართველოს პარლამენტი, http://www.parliament.ge/pages/archive_en/parl99/injia_fridon_e.htm .
¹⁷- ზაალ ანჯაფარიძე, Jamestown Foundation, “წამგებიან ომში,“ 31 მაისი, 2001.www.jamestown.org/single/?no_cache=1&tx_ttnews%5Btt_news%5D=28010 .

¹⁸- საქართველოს საჯარო რეესტრი, https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=app&m=view_doc&doc_id=83890 .
¹⁹- http://www.akhalikselebi.ge/company.php?lang=en ; ამ კავშირების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება ნომერი 597/22 4 ნოემბერი, 2001 http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=7070&info_id=111736 .
²º- https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get_output_by_id&scandoc_id=396176&app_id=459813 ; http://www.ote.gr/portal/page/portal/OTEGR/TheCompany/OTEToday/OURCOMPANY : http://www.bloomberg.com/quote/GENER:GA/profile .
²¹- https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get_output_by_id&scandoc_id=470005&app_id=545660 , „გლობალ ერთის“ ვებ-გვერდი, http://www.global-erty.net/ .

²²-  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანახმად, Astra Grand ეკუთვნის შპს Jardin Holdings, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის პოლ პატრიკ ჯონსს. Astra Grand-ის დირექტორია ლორენა სერვანტესი. შპს Jardin Holdings-ის დირექტორები არიან ჯონსი და ლუის ანტონიო ფერერა. შპს Van East ეკუთვნის Interstatus Limited–ს, რომელსაც ფლობს მარინა ფსილოუ. კომპანიის დირექტორია ელენა ენდრიუ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
N621/11, 21 სექტემბერი, 2012. www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=7070&info_id=113122 .
²³- https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get_output_by_id&scandoc_id=63980&app_id=73681; I-Max კომპანიის ვებ-საიტი, http://www.i-max.ge/ .
²⁴- http://www.maximali.ge/#/lang=en/page=4/child=1 .
²⁵- საქართველოს საჯარო რეესტრი https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get_output_by_id&scandoc_id=391702&app_id=454039 (ბოლო წვდომა 2012 წლის 12 ნოემბერს); VTEL ჰოლდინგური კომპანიის ვებ-გვერდი http://www.vtel.ae/ (ბოლო წვდომა 2012 წლის 28 ნოემბერს).