წარმოგიდგენთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით , საქართველოს შესასრულებელ ვალდებულებებს
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები და მომსახურებას
მუხლი 104
გამოყენების სფერო და ტერმინთა განმარტება
ეს ქვენაწილი განსაზღვრავს რეგულირების პრინციპებს ყველა ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, რომელიც ლიბერალიზებულია ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკურ პირთა დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისათვის) შესაბამისად.
ამ ქვენაწილის და ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკურ პირთა დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისათვის) მიზნებისათვის:
(a) “ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება” გულისხმობს ყველა მომსახურებას, რომელიც ახორციელებს, სრულად ან ძირითადად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით სიგნალის გადაცემას, მაუწყებლობისათვის განკუთვნილი ქსელებით სატელეკომუნიკაციო და გადაცემის მომსახურების ჩათვლით. აღნიშნული მომსახურება არ მოიცავს იმ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს ან ახორციელებს სარედაქციო კონტროლს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და მომსახურების გამოყენებით გადაცემულ კონტენტზე;
(b) “საერთო სარგებლობის საკომუნიკაციო ქსელი” გულისხმობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც სრულად ან ძირითადად გამოიყენება საჯაროდ ხელმისაწვდომი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მისაწოდებლად;
(c) “ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი” გულისხმობს სიგნალების გადაცემა/გავრცელების სისტემებს, ელექტრონული საინფორმაციო სიგნალების დამუშავების ან დამისამართების მოწყობილობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში და სხვა რესურსებს, რომლებიც ელექტრონული სიგნალების სადენიანი, რადიოსიხშირული, ოპტიკურბოჭკოვანი ან სხვა ელექტრომაგნიტური საშუალებით გავრცელების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის თანამგზავრული, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, ინტერნეტის ჩათვლით) და მიწისზედა მობილური ქსელები, ელექტრო საკაბელო სისტემები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო სიგნალების გავრცელების მიზნით; ქსელები, რომლებიც გამოიყენება რადიო და ტელემაუწყებლობისთვის, საკაბელო სატელევიზიო ქსელები, იმის მიუხედავად, თუ რა სახის მონაცემთა გადაცემას ახორციელებენ
(d) “მარეგულირებელი ორგანო” გულისხმობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ ორგანოს ან ორგანოებს, რომლის/რომელთა პასუხისმგებლობას წარმოადგენს ამ ქვე-ნაწილში განხილული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების რეგულირება;
(e) მომსახურების მიმწოდებელი ჩაითვლება “მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების” მქონედ იმ შემთხვევაში, თუ მას ბაზარზე ინდივიდუალურად ან ბაზრის სხვა მონაწილესთან (მონაწილეებთან) ერთობლივად გააჩნია დომინირებულის ეკვივალენტური პოზიცია, რაც გულისხმობს ეკონომიკურ უპირატესობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს ბაზარზე იმოქმედოს კონკურენტებისგან, კლიენტებისგან და მომხმარებელისაგან დამოუკიდებლად;
(f) “ურთიერთჩართვა” გულისხმობს საერთო სარგებლობის ქსელების ფიზიკურ და ლოგიკურ კავშირს, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული ქსელის ოპერატორი, რათა იმავე ან სხვა ელექტრონული ქსელის ოპერატორის მომხმარებლებს მისცეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს მისსავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით. მომსახურება შეიძლება მიწოდებული იყოს ჩართული მხარეების ან ქსელთან დაშვების მქონე სხვა მხარეების მიერ. ურთიერთჩართვა წარმოადგენს ქსელთან დაშვების სპეციფიკურ ტიპს, რომელიც ხორციელდება საერთო სარგებლობის ქსელის ოპერატორებს შორის;
(g) “უნივერსალური მომსახურება” გულისხმობს განსაზღვრული ხარისხის მომსახურების ერთობლიობას, რომელიც მისაწვდომ ფასად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მომხმარებლისათვის მხარეთა ტერიტორიაზე, მიუხედავად მათი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა. უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფისა და დანერგვის ფარგლები განისაზღვრება თითოეული მხარის მიერ;
(h) “დაშვება” გულისხმობს საშუალებების და მომსახურების წვდომის უზრუნველყოფას მომსახურების სხვა მიმწოდებლისთვის, განსაზღვრული პირობებით, ექსკლუზიურად ან არაექსკლუზიურად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს დაშვებას ქსელის ელემენტებთან და საშუალებებთან, რომელშიც შეიძლება იგულისხმებოდეს ფიქსირებული ან არაფიქსირებული საშუალებებით ტექნიკური აპარატურის კავშირი (კერძოდ წვდომა ადგილობრივი დაშვების ქსელთან და იმ ინფრასტრუქტურულ ერთეულებთან, რომლებიც საჭიროა ადგილობრივი ქსელის მეშვეობით მომსახურების უზრუნველსაყოფად); ეს მოიცავს, აგრეთვე, დაშვებას ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან, მათ შორის, შენობებთან, საკანალიზაციო არხებთან, ჭებთან და ანძებთან; დაშვებას პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ოპერაციული სისტემების ჩათვლით; დაშვებას ნომრის ტრანსლირებასთან ან ეკვივალენტური ფუნქციის მქონე სისტემებთან; დაშვებას ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან, განსაკუთრებით როუმინგული მომსახურებისთვის; დაშვებას ციფრული სატელევიზიო მომსახურების კოდირებული წვდომის სისტემებთან და ვირტუალური ქსელის მომსახურებასთან;
(i) “საბოლოო მომხმარებელი” გულისხმობს მომხმარებელს, რომელსაც არ გააჩნია საერთო სარგებლობის ქსელი ან არ უზრუნველყოფს საჯაროდ ხელმისაწვდომ ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას;
(j) “ადგილობრივი დაშვების ქსელი” გულისხმობს ფიზიკურ არხს, რომელიც აბონენტის შენობებში განთავსებულ ფიქსირებულ საერთო სარგებლობის ქსელში ქსელის დასრულების წერტილს აკავშირებს მთავარ საკომუტაციო ან მსგავსი ტიპის აპარატურასთან.
მუხლი 105
მარეგულირებელი ორგანო
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მარეგულირებელი ორგანო იურიდიულად განცალკევებული და ფუნქციონალურად დამოუკიდებელი იყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ნებისმიერი მიმწოდებლისგან. თუ რომელიმე მხარე ინარჩუნებს მფლობელობას ან ახორციელებს კონტროლს ელექტრონული კომუნიკაციის ქსელების ან მომსახურების მიმწოდებელთან მიმართებით, ამ მხარემ უნდა უზრუნველყოს მარეგულირებელი ფუნქციის ეფექტური სტრუქტურული გამიჯვნა იმ საქმიანობისგან, რომელიც საკუთრებასთან ან კონტროლთან არის დაკავშირებული.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მარეგულირებელი ორგანო საკმარისად უფლებამოსილი იყოს შესაბამისი სექტორის ეფექტიანი რეგულირებისთვის. ამოცანები, რომლებსაც ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო, უნდა იყოს საჯარო, საზოგადოებისთვის მარტივად და ნათლად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ფუნქციები განაწილებულია რამდენიმე უწყებას შორის.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციელებული პროცედურები იყოს მიუკერძოებელი და გამჭვირვალე ბაზრის ყველა მონაწილისთვის.
მარეგულირებელი ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, განახორციელოს ბაზრის ანალიზი იმ შესაბამისი საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე, რომლებიც ექვემდებარება ex ante რეგულირებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მარეგულირებელმა ორგანომ, ამ შეთანხმების 107-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განსაზღვროს, დააკისროს, შეუნარჩუნოს, შეუცვალოს ან შეუჩეროს თუ არა დაკისრებული ვალდებულება, მან ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს, არის თუ არა შესაბამისი ბაზარი კონკურენტული.
იმ შემთხვევაში როდესაც მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ შესაბამისი ბაზარი არ არის კონკურენტული, მან უნდა დაადგინოს ამ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მომსახურების მიმწოდებლები და დააკისროს, შეუნარჩუნოს ან შეასწოროს კონკრეტული ვალდებულებები ამ შეთანხმების 107-ე მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ ბაზარი კონკურენტულია, მან, ამ შეთანხმების 107-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებს არ უნდა დააკისროს ან ძალაში დატოვოს რაიმე სახის ვალდებულება.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მომსახურების მომწოდებლებს, რომლებსაც ეხებათ მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო ორგანოში, რომელიც დამოუკიდებელია გადაწყვეტილებაში მონაწილე მხარეებისგან. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ საქმის არსებითი ვითარება სრულად იქნას მიღებული მხედველობაში. გასაჩივრების შედეგის მოლოდინის პერიოდში, მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რჩება ძალაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააპელაციო ორგანო გადაწყვეტს სხვაგვარად. თუ სააპელაციო ორგანო არ წარმოადგენს სასამართლოს, მან უნდა წარმოადგინოს თავისი გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება და ეს გადაწყვეტილება უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ. სააპელაციო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა ამოქმედდეს მიღებისთანავე.
იმ შემთხვევაში, როდესაც მარეგულირებელი ორგანო მიმართავს ამ ქვენაწილში განსაზღვრულ ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს შესაბამის ბაზარზე, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ გათვალისწინებული იყოს დაინტერესებული მხარეების უფლება, გონივრულ ვადაში წარმოადგინონ თავისი კომენტარები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მარეგულირებლებმა უნდა გამოაქვეყნონ მათი საკონსულტაციო განხილვები. საკონსულტაციო განხილვების შედეგები უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და მომსახურების მიმწოდებლებმა წარმოადგინონ ყველა სახის ინფორმაცია, მათ შორის, ფინანსური მონაცემები, რათა მარეგულირებელმა ორგანომ უზრუნველყოს გადაწყვეტილებების ამ ქვე-ნაწილთან შესაბამისობა. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, დროულად, მოთხოვნისთანავე წარმოადგინონ აღნიშნული ინფორმაცია, მარეგულირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი განრიგის და დეტალების შესაბამისად. მარეგულირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა იყოს განსახილველი საკითხის თანაზომადი. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა განმარტოს აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველი.
მუხლი 106
ავტორიზაცია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისთვის
თითოეული მხარე, შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს, რომ მომსახურების მიწოდების ავტორიზაცია ხორციელდებოდეს მარტივი შეტყობინების საფუძველზე.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს ლიცენზიის შესაძლო საჭიროებას ნუმერაციისა და სიხშირეების საკითხის გადაწყვეტისას. აღნიშნული ლიცენზიის ვადები და პირობები უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.
ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, თითოეული მხარე უზრუნველყოფს შემდეგს:
(a) ლიცენზირების კრიტერიუმებისა და ლიცენზიასთან დაკავშირებულ განაცხადზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო გონივრული ვადის საჯაროობა;
(b) ლიცენზიის მინიჭებაზე უარის მიზეზი, მოთხოვნის შემთხვევაში, წერილობით უნდა ეცნობოს განმცხადებელს;
(c) იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს არსებითი საფუძვლის გარეშე უარი ეთქვა ლიცენზიის გაცემაზე, მას უნდა შეეძლოს მიმართოს სააპელაციო ორგანოს დახმარებისთვის;
(d) ლიცენზიის მოსაკრებელი[1], არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ლიცენზიის მართვის, კონტროლის და აღსრულების ადმინისტრაციულ ხარჯებს. მოცემული პუნქტი არ ითვალისწინებს რადიოსიხშირული სპექტრით და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სალიცენზიო მოსაკრებელს.
მუხლი 107
დაშვება და ურთიერთჩართვა
თიოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ პირს ჰქონდეს უფლება და ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკებები დაშვებასა და ურთიერთჩართვაზე საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების ოპერატორებთან და მომსახურების მიმწოდებლებთან. დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობები უნდა შეთანხმდეს მომსახურების მიმწოდებელ მხარეებს შორის მიმდინარე კომერციული მოლაპარაკებების საფუძველზე.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მომსახურების მიმწოდებლების მიერ მოპოვებული ინფორმაცია გამოყენებული იქნას მხოლოდ დანიშნულებისამებრ და ინფორმაციის მიწოდების ან შენახვისას დაცული იქნას მისი კონფიდენციალურობა.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ თუ მომსახურების შესაბამისი ბაზარი არ არის ეფექტურად კონკურენტული ამ შეთანხმების 105-ე მუხლის შესაბამისად, მარეგულირებელ ორგანოს ჰქონდეს უფლებამოსილება, მომსახურების მიმწოდებელი ცნოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად და დაშვებასა და/ან ურთიერთჩართვასთან მიმართებით დააკისროს მას ერთი ან რამდენიმე ქვემოთ მითითებული ვალდებულება:
(a) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი არსებითად მსგავს გარემოში, მსგავსი მომსახურების მიმწოდებელ სხვა ავტორიზებულ პირებს, სთავაზობს ეკვივალენტურ პირობებს და ასევე სხვა ავტორიზებულ პირებს უზრუნველყოფს იმავე ხარისხის მომსახურებით და ინფორმაციით და იმავე პირობებით, როგორც საკუთარ მომსახურებას ან მისი შვილობილი კომპანიების ან პარტნიორების მომსახურებას;
(b) ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიის ვალდებულება, გამჭვირვალე გახადოს მისი საბითუმო და შიდა ტრანსფერული ტარიფები, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების არსებობის და არასამართლიანი კროსსუბსიდირების თავიდან აცილების მიზნით. მარეგულირებელ ორგანოს შეუძლია განსაზღვროს ფორმატი და აღრიცხვის გამოსაყენებელი მეთოდოლოგია;
(c) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათთან დაკავშირებულ ტექნიკურ საშუალებებთან დაშვების და მათი გამოყენების ვალდებულება, მათ შორის, სააბონენტო წყვილებთან განცალკევებულად დაშვება, როდესაც მარეგულირებელი ორგანო თვლის, რომ დაშვებაზე უარის თქმა ან არაგონივრული პირობების შეთავაზება ხელს შეუშლის საცალო დონეზე მდგრადი, კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, ან არ შეესაბამება საბოლოო მომხმარებლის ინტერესებს;
მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილნი არიან, ამ პუნქტში მითითებულ ვალდებულებებს დაამატონ პირობები სამართლიანობის, გონივრულობისა და განრიგის შესახებ.
(d) მესამე მხარისათვის გადაყიდვის მიზნით საბითუმო პირობებით სპეციფიკური მომსახურების მიწოდება; ტექნიკურ ინტერფეისებთან, პროტოკოლებთან და სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მომსახურებისა და ვირტუალური ქსელების ურთიერთთავსებადობისათვის; თანალოკაციის ფართით უზრუნველყოფა ან სხვა ტექნიკური საშუალებების გაზიარება, რაც მოიცავს კანალიზაციას, შენობებს, ანძებს; მომხმარებლისათვის მიწოდებული უწყვეტი მომსახურებების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფისათვის სპეციფიური მომსახურებების მიწოდება, ინტელექტუალური ქსელის მომსახურებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების ჩათვლით; მომსახურების მიწოდებისას კეთილსინდისიერი კონკურენციისათვის საჭირო საოპერაციო სისტემასთან ან მსგავს პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაშვება; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ან მასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების ურთიერთჩართვა.
მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილნი არიან, ამ პუნქტში მითითებულ ვალდებულებებს დაამატონ პირობები სამართლიანობის, გონივრულობისა და განრიგის შესახებ.
(e) ხარჯთაღრიცხვისა და ფასის კონტროლის ვალდებულება, რაც მოიცავს ფასების ხარჯზე ორიენტირებულობასა და ხარჯთაღრიცხვის სისტემასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, ურთიერთჩართვისა და/ან დაშვების სპეციფიკური ტიპების უზრუნველსაყოფად, ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ბაზრის ანალიზი აჩვენებს, რომ ეფექტიანი კონკურენციის ნაკლებობამ, შესაძლოა გამოიწვიოს ოპერატორის მხრიდან მაღალი ფასის დაწესება ან ფასების შემცირება, საბოლოო მომხმარებელთა საზიანოდ. არსებული რისკების გათვალისწინებით, მარეგულირებელმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ოპერატორის მიერ განხორციელებული ინვესტიცია და საშუალება მისცეს მას, მიიღოს გონივრული უკუგების განაკვეთი.
(f) ბაზრის შესაბამის პროდუქტთან/მომსახურებასთან და გეოგრაფიულ სეგმენტთან დაკავშირებით, მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომსახურების მიმწოდებლებზე დაწესებული სპეციფიკური ვალდებულების გამოქვეყნება. უახლესი ინფორმაცია, რომელიც არ არის კონფიდენციალური და არ მოიცავს ბიზნეს საიდუმლოებას, ყველა დაინტერესებული პირისათვის უნდა იყოს საჯარო და ადვილად ხელმისაწვდომი.
(g) ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, განსაკუთრებით იმ შემთხვევისთვის, როდესაც ოპერატორს დაკისრებული აქვს დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, მარეგულირებელ ორგანოს შეუძლია, მოსთხოვოს ოპერატორს, გამოაქვეყნოს დეტალური შეთავაზების წინადადება, რომელიც ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე, დაყოფილი იქნება შესაბამის კომპონენტებად, ფასებისა და შესაბამისი პირობების ჩათვლით, რათა ავტორიზებულ პირს არ მოეთხოვოს ქსელის იმ ელემენტებისათვის, ტექნიკური საშუალებებისთვის ან ფუნქციონალური რესურსებისთვის დამატებითი საფასურის გადახდა, რომლებიც მას არ მოუთხოვია.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთან ურთიერთჩართვის მსურველ ავტორიზებულ პირს საშუალება ჰქონდეს, ურთიერთჩართვის და/ან დაშვების პირობებთან არსებულ დავასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს ან საჯაროდ ცნობილი დროის შემდეგ, დახმარებისათვის მიმართოს დამოუკიდებელ ადგილობრივ ორგანოს, რომელიც, შესაძლოა, იყოს მარეგულირებელი ორგანო, როგორც განსაზღვრულია ამ შეთანხმების 104-ე მუხლის მე-2 პუნქტის „d“ ქვეპუნქტში.
მუხლი 108
შეზღუდული რესურსები
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ შეზღუდული რესურსების, მათ შორის სიხშირეების, ნუმერაციის და გატარების უფლების, განაწილებისა და გამოყენების ნებისმიერი პროცედურა წარიმართოს ობიექტურად, თანასწორად, დროულად, გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად. ინფორმაცია განაწილებული და გაცემული სიხშირული დიაპაზონის შესახებ უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. ეს მოთხოვნა არ ეხება მთავრობის სპეციალური გამოყენებისათვის განაწილებულ სიხშირულ დიაპაზონს.
სიხშირული სპექტრის ეფექტური და ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, თითოეული მხარე უზრუნველყოფს მათ ტერიტორიაზე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის განკუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიან მართვას. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ სიხშირეებზე მოთხოვნა აღემატება მათ ხელმისაწვდომობას, აღნიშნული სიხშირეები უნდა განაწილდეს სათანადო და გამჭვირვალე პროცედურის დაცვით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ამ სიხშირეების გამოყენების ოპტიმიზაცია და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ეროვნული ნუმერაციის რესურსის მინიჭება და ეროვნული ნუმერაციის გეგმის მართვა დაევალოს მარეგულირებელ ორგანოს.
როდესაც სახელმწიფო ან ადგილობრივი უწყება ინარჩუნებს საკუთრებას ან ახორციელებს კონტროლს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და/ან მომსახურების ოპერატორზე, უნდა მოხდეს ეფექტური გამიჯვნა იმ სტრუქტურულ ერთეულებს შორის, რომელსაც ექნება უფლების მინიჭების და საკუთრების ან კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობების განხორციელების უფლება-მოსილება.
მუხლი 109
უნივერსალური მომსახურება
თითოეულ მხარეს უფლება აქვს, განსაზღვროს უნივერსალური მომსახურების ვალდებულების სახეები, რომლის დანერგვაც მას სურს.
ეს ვალდებულება თავისთავად არ ჩაითვლება ანტიკონკურენტულად, თუ მისი ადმინისტრირება ხორციელდება გამჭვირვალედ, ობიექტურად და არადისკრიმინაციულად. ასეთი ვალდებულების ადმინისტრირება ნეიტრალური უნდა იყოს, ასევე, კონკურენციის კუთხით და არ უნდა იყოს მხარის მიერ განსაზღვრული უნივერსალური მომსახურების პირობებზე მძიმე.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ყველა მიმწოდებელს ჰქონდეს უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის უფლება და არც ერთი მიმწოდებელი არ უნდა იყოს წინასწარ გამორიცხული. შერჩევა უნდა განხორციელდეს ეფექტიანი, გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული მექანიზმით. საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ მხარეს შეუძლია შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა უნივერსალური მომსახურება ამ მომსახურების გაწევისთვის შერჩეული კომპანიისთვის (კომპანიებისთვის) დამატებით ტვირთს. დასაბუთებულ გათვლებზე დაყრდნობით და იმ მარკეტინგული უპირატესობის გათვალისწინებით, რაც, შესაძლოა, დროთა განმავლობაში მოიპოვოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა კომპანიამ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მარეგულირებელმა ორგანომ, შესაძლოა, განსაზღვროს, არის თუ არა საჭირო მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებლების) კომპენსირების ან უნივერსალური მომსახურების ვალდებულების შესრულების წმინდა ხარჯის გაყოფის მექანიზმების ამოქმედება.
იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სააბონენტო ცნობარი, დაბეჭდილი ან ელექტრონული ფორმით, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციებმა, რომლებიც აქვეყნებენ ასეთ ცნობარებს, მათთვის სხვა ორგანიზაციებიდან მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაიცვან არადისკრიმინაციის პრინციპი.
მუხლი 110
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების საზღვრებს გარეთ უზრუნველყოფა
არცერთ მხარეს არ აქვს უფლება მოსთხოვოს მეორე მხარის მომსახურების მიმწოდებელს, დააფუძნოს მეწარმე სუბიექტი ან იყოს მისი ტერიტორიის რეზიდენტი, მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდების მიზნებისათვის.
მუხლი 111
ინფორმაციის კონფიდენციალურობა
თითოეული მხარე უზრუნველყოფს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მასთან დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის და საჯაროდ ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო მომსახურების ტრაფიკის მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვას, მომსახურებით ვაჭრობის შეზღუდვის გარეშე.
მუხლი 112
დავები მომსახურების მიმწოდებლებს შორის
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების ან მომსახურების მიმწოდებლებს შორის, ამ ნაწილში განხილულ უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის მოგვარება, ერთ-ერთი მხარის მიერ მიმართვის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილების მიღების გზით, შესაძლოდ მოკლე ვადაში და ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს ოთხი თვისა.
მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, თუმცა, უნდა იყოს დაცული ბიზნეს კონფიდენციალურობა. ელექტორნული კომუნიკაციების ქსელების და მომსახურების შესაბამის მიმწოდებლებს ამომწურავად უნდა ეცნობოთ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები.
იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი დავა ეხება მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებას, შესაბამისმა მარეგულირებელმა ორგანოებმა, დავის გადასაწყვეტად უნდა იმოქმედონ კოორდინირებულად.
მუხლი 113
ეტაპობრივი დაახლოება
მომსახურებით ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით, მხარეები აღიარებენ საქართველოს მოქმედი და მომავალი კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების აუცილებლობას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, რომელიც მოცემულია ამ შეთანხმების XV-B დანართში.
დანართი XV-B
სატელეკომუნიკაციო მომსახურეობისათვის განსაზღვრული წესები
საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:
2002 წლის 7 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/21/EC დირექტივა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და მომსახურებების ზოგადი მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ (ჩარჩო დირექტივა), რომელიც შესწორდა 2009/140/EC დირექტივით
გამოიყენება 2002/21/EC დირექტივის შემდეგი დებულებები:
-
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს ეროვნული მარეგულირებლი ორგანოს დამოუკიდებლობისა და ადმინისტრაციული რესურსის გაძლიერება;
-
ახალი მარეგულირებელი ზომების უზრუნველყოფისათვის საჯარო საკონსულტაციო პროცედურების დანერგვა;
-
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს ეროვნული მარეგულირებლი ორგანოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების ეფექტური მექანიზმის შექმნა;
-
ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში ex ante (წინასწარ) რეგულაციას დაქვემდებარებული შესაბამისი პროდუქტისა და მომსახურების ბაზრების განსაზღვრა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის გამოვლენის მიზნით ამ ბაზრების ანალიზი.
ვადა: 2002/21/EC დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში. |
2002 წლის 7 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/20/EC დირექტივა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და მომსახურებების ავტორიზაციის შესახებ (ავტორიზაციის შესახებ დირექტივა), რომელიც შესწორდა 2009/140/EC დირექტივით
გამოიყენება 2002/20/EC დირექტივის შემდეგი დებულებები:
-
რეგულაციის დანერგვა, რომელიც ითვალისწინებს ზოგად ავტორიზაციას და აწესებს ინდივიდუალური ლიცენზირების საჭიროებას კონკრეტულ, სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში.
ვადა: 2002/20/EC დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში. |
2002 წლის 7 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/19/EC დირექტივა ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებთან და მასთან დაკავშირებულ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის შესახებ (დაშვების მინიჭების შესახებ დირექტივა), რომელიც შესწორდა 2009/140/EC დირექტივით
2002/21/EC დირექტივის შესაბამისად ჩატარებული ბაზრის ანალიზის საფუძველზე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ იმ ოპერატორებს, რომლებსაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება შესაბამის ბაზრებზე, უნდა დაუწესოს შემდეგი სახის ვალდებულებები:
-
ქსელის სპეციფიურ ელემენტებთან დაშვება და მათი გამოყენება;
-
დაშვებასა და ურთიერთჩართვის სატარიფო კონტროლი, ხარჯებზე ორიენტაციის ვალდებულებების ჩათვლით;
-
გამჭვირვალობა, დისკრიმინაციის აკრძალვა და განცალკევებული აღრიცხვა
ვადა: 2002/19/EC დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში. |
2002 წლის 7 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/22/EC დირექტივა უნივერსალური მომსახურებებისა და ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებსა და მომსახურებებთან დაკავშირებით მომხმარებელთა უფლებების შესახებ (უნივერსალური მომსახურების შესახებ დირექტივა), რომელიც შესწორდა 2009/136/EC დირექტივით
გამოიყენება 2002/22/EC დირექტივის შემდეგი დებულებები:
-
უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების შესახებ რეგულაციის დანერგვა, ხარჯთაღრიცხვის და დაფინანსების მექანიზმების განსაზღვრის ჩათვლით;
-
მომხმარებელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, კერძოდ, ნომრის პორტაბელურობისა და ერთიანი ევროპული საგანგებო ნომრის – 112 დანერგვა.
ვადა: 2002/22/EC დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში. |
2002 წლის 12 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/58/EC დირექტივა ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ (პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობისა და ელეტრონული კომუნიკაციების შესახებ დირექტივა), რომელიც შესწორდა 2009/136/EC დირექტივით
გამოიყენება 2002/58/EC დირექტივის შემდეგი დებულებები:
-
რეგულაციის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, კერძოდ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, და ასევე ამგვარი მონაცემების და ელექტრონული კომუნიკაციების მოწყობილობებისა და მომსახურებების თავისუფალ გადაადგილებას.
ვადა: 2002/58/EC დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში. |
2002 წლის 7 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 676/2002/EC გადაწყვეტილება ევროპული გაერთიანების ფარგლებში რადიოსიხშირული სპექტრის პოლიტიკის მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ
- პოლიტიკისა და რეგულაციის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს რადიოსიხშირული სპექტრის ჰარმონიზებულ ხელმისაწვდომობასა და ეფექტიან გამოყენებას
ვადა: ამ გადაწყვეტილების ამოქმედების შედეგად გასატარებელი ღონისძიებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში |
————————————————————————————————————————
თანამშრომლობა საინფორმაციო საზოგადოების სფეროში
მუხლი 324
მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ თანამშრომლობას საინფორმაციო საზოგადოების განვითარების კუთხით, რათა ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელებისა და ხელმისაწვდომ ფასად უკეთესი ხარისხის მომსახურების მიწოდების გზით სარგებლობა მოუტანონ მოქალაქეებსა და ბიზნეს სექტორს. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, და ამ სფეროში კონკურენციისა და ინვესტიციების წახალისებას.
მუხლი 325
თანამშრომლობა მოიცავს, inter alia, შემდეგ საკითხებს:
- ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ეროვნული საინფორმაციო საზოგადოების ინიციატივების განხორციელების კუთხით, რაც მოიცავს, Inter alia, მიმართულებებს, რომლებიც გამიზნულია, ხელი შეუწყოს ფართოზოლოვანი მომსახურების ხელმისაწვდომობას, ქსელის უსაფრთხოების გაუმჯობესებას და საჯარო სექტორში ელექტრონული მომსახურების განვითარებას; და
- ინფორმაციის, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სრულყოფილი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების ხელშეწყობის მიზნით, კერძოდ, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება, რადიოსიხშირული რესურსების უკეთესად გამოყენების ხელშეწყობა და საქართველოში და ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ქსელების ურთიერთთავსებადობის ხელშეწყობა.
მუხლი 326
მხარეები ხელს შეუწყობენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ევროკავშირის მარეგულირებლებსა და საქართველოში არსებული მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობას.
მუხლი 327
საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XV-B დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად.
[1] სალიცენზიო მოსაკრებლები არ მოიცავს გადასახადებს აუქციონის, ტენდერის ან კონცესიების მინიჭების სხვა არადისკრიმინაციული საშუალებებისათვის ან სავალდებულო შენატანებს უნივერსალური მომსახურების განხორციელებისათვის.
წყარო https://goo.gl/ZK5jUi